
გაერო ადასტურებს, რომ ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა
02/07/2021 10:03:21 მსოფლიო
გაერო ადასტურებს, რომ ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა – 18,3 °C დაფიქსირდა.
გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ეს ტემპერატურა არგენტინის კვლევითმა სადგურმა „ესპერანსამ“ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე 2020 წლის 6 თებერვალს ჩაიწერა.
"ანტარქტიდაზე ჰაერის ტემპერატურამ გასული 50 წლის განმავლობაში 3 °C-ით მოიმატა“, — აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი.
ანტარქტიდის კონტინენტისა და მისი მიმდებარე კუნძულების წინა დადასტურებული რეკორდი 17,5 °C იყო, რაც სადგურმა „ესპერანსამ“ 2015 წლის 24 მარტს დააფიქსირა.
„ეს ახალი რეკორდი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ კლიმატის ცვლილება გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს“, — აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სელესტე საულო.