Accentnews.ge
"დღეს შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა 5 ივლისის მარშთან დაკავშირებით უწყებისგან უსაფრთხოების გარანტია ჯერ–ჯერობით არ მიგვიღია"

"დღეს შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა 5 ივლისის მარშთან დაკავშირებით უწყებისგან უსაფრთხოების გარანტია ჯერ–ჯერობით არ მიგვიღია"

01/07/2021 18:13:47 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" დირექტორის გიორგი თაბაგარის განცხადებით, "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დღეს გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით "შსს მოწოდების სიმაღლეზე იყო".

მისი თქმით, უწყებისგან ღირსების მარშთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტია ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა იმედოვნებს, რომ პოლიცია მსვლელობაზეც მაქსიმალურად დაიცავს უსაფრთხოების ზომებს.

"მე რასაც ვუყურებდი დღეს (მერე ვნახავ ყველაფერს, რაც ხდებოდა დღის განმავლობაში) ამ ეტაპამდე ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობა. შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდა ეს პირველი დღე და რა გზავნილები მიიღო იმ მოძალადე ჯგუფებმა, რომლებიც ახლა აქ არიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალადობა არ იქნება მოწონებული სახელმწიფოს მიერ და ვიმედოვნებ შსს–ს მიერ გადადგმული ნაბიჯები მათთვის ასეთი გზავნილი იყო", – განაცხადა თაბაგარმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა ღირსების მარშია და ამ საკითხზე შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მარშთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტია შსს–სგან ჯერ–ჯერობით არ მიგვიღია. თუმცა 2013 წელს გვქონდა შსს–სგან გარანტია, მაგრამ არაფერში არ ითარგმნა ეს მაშინ. პოლიცია გვეუბნება, რომ მაქსიმუმს გააკეთებს ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად. დღეს რაც მოხდა აქ, იმედი გვაქვს, რომ იგივე მიზანი ექნება პოლიციას ღირსების მარშთან დაკავშირებით. მესმის, რომ რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა არის შესაძლებელი", – განაცხადა თაბაგარმა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების ნაწილი ტერიტორიას მიკროავტობუსების საშუალებით ტოვებს, ნაწილი საკუთარი ტრანსპორტით:

"ნაწილი ტერიტორიას საკუთარი ტრანსპორტით ტოვებს, მეც ჩემი ტრანსპორტით ვაპირებ გასვლას. ჩვენ მივიღეთ შეთავაზება ასევე და ვისაც სურვილი აქვს ტერიტორიას მიკროავტობუსებით ტოვებს. თავისუფლებაა არჩევანში".

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში 5 ივლისს გაიმართება.

ცნობისთვის: "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი დაესწრნენ.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩეებიან "პრაიდის" მოწინააღმდეგეები და ღონისძიების დამსწრე საზოგადოების ნაწილი. "პრაიდის" ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ტერიტორიიდან გაყვანა ეტაპობრივად ხორციელდება. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფს.

რაც შეეხება დაკავებულებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციამ "პრაიდის" 12 მოწინააღმდეგე დააკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S