პუტინმა როსგვარდიას ქერჩის სრუტის ბლოკირების უფლება ოფიციალურად მისცა
01/07/2021 11:34:14 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “როსგვარდიას” დაავალა, სამხედროებმა "უკანონო შეღწევების გამოსარიცხად დაცული ობიექტების ტერიტორიებისა და აკვატორიების ბლოკირება მოახდინონ". პრეზიდენტის ბრძანებულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
ბრძანებულების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ "როსგვარდია ქერჩის სრუტის აკვატორიას, მასზე გამავალ ხიდსა და ყირიმთან დამაკავშირებელი რუსული ენერგოხიდის აკვატორიას იცავს".
გარდა ამისა, პუტინის ბრძანებულების თანახმად, აღნიშნული ტერიტორიების დაცვისას სამხედროებს შეუძლიათ, “აკვატორიაში უკანონო შეღწევებისა და გაღწევების შემთხვევებში სრუტის ბლოკირება მოახდინონ”.
ცნობისთვის: 23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, თითქოსდა რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს ბრიტანულ ხომალდ Defender-ის კურსის მიმართულებით, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, შავ ზღვაში “რუსეთის ტერიტორიულ წყლებში” შევიდა. საპასუხოდ ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიტანული ხომალდი საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდა და მისთვის ცეცხლი არავის გაუხსნია.
“ყირიმის სანაპიროსთან მომხდარი ეს ინციდენტი გამიზნული პროვოკაცია იყო, დაგეგმილი ლონდონისა და ვაშინგტონის მიერ. Defender-ის ყირიმისკენ მსვლელობას ორი შემადგენელი აქვს: სამხედრო და პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ჩემი სამიტის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა. გარდა ამისა, მზვერავი თვითმფრინავის გამოყენებით ცდილობდნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ მსგავსი პროვოკაციების აღმკვეთი ზომების დადგენას, აკვირდებოდნენ, სად რა გვერთვება ასეთ შემთხვევებში, სად რა გვაქვს და როგორ მუშაობს. თუმცა რუსი მესაზღვრეების მოქმედება, კერძოდ ბრიტანული ხომალდის სიახლოვეს გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების რისკს არ შეიცავდა: რომც გაგვენადგურებინა ბრიტანული ხომალდი, დასავლეთი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას ვერ გაბედავდა, რადგან იცის, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვა” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ოთხშაბათს ყოველწლიური შოუს “პირდაპირი ხაზი” მსვლელობისას.
წვრთნები სახელწოდებით “SeeBreeze”, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში აღმოჩნდა, პუტინის შეფასებით, “ნატო-ს მიერ უკრაინის სამხედრო ათვისებაზე მეტყველებს”. “დასავლეთში დიდი ხმაური ატეხეს იმ სწავლებების გამო, რომელსაც რუსეთი ამასწინათ თავის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვის სიახლოვეს ატარებდა, ამიტომაც გაიცა ბრძანება, “ნელ-ნელა დაესრულებინათ». თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამაზე პოზიტიური რეაგირება მოეხდინათ, ადგნენ და ჩვენს საზღვრებთან მოეთრნენ”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ნატო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ HMS Defender-ის ინციდენტის შემდეგ ალიანსი შავ ზღვაში საკუთარი პოზიციების გამაგრებას გეგმავს.
“ბრიტანეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ჩვენ მომხდარის სრული სურათი გვაქვს. ნატო-ს მტკიცე პოზიცია გააჩნია, როცა საქმე წყლებში თავისუფალ გადაადგილებასა და იმას ეხება, რომ ყირიმი უკრაინაა და არა რუსეთი. მოსკოვმა უნდა შეიგნოს, რომ ნატო-ს მოკავშირეები ამ საკითხში უკან არ დაიხევენ. თუმცა რუსეთი აგრძელებს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას და ყირიმში შეიარაღების, მათ შორის სარაკეტო სისტემების განთავსებას, რაც წყლებში თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს. შავ ზღვაში წარმოდგენილია აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხომალდები. რუსებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ნატო მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად შავ ზღვაში თავის წარმოდგენილობას შეინარჩუნებს” – განაცხადა ალიანსის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ბოლო ვიზიტის დროს.


