შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: "კოვიდ–ინფიცირების გამო 20-მდე აბიტურიენტი ქართული ენის გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ"
01/07/2021 06:09:59 საზოგადოება
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, კოვიდ–ინფიცირების გამო 20-მდე აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 6:00 საათიდან 25 სააგამოცდო ცენტრია გახსნილი.
„ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული. რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია - დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
განათლების სამინისტროს ცნობით, საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ პირებისთვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.
ცნობისთვის: დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდებს საერთო ჯამში, 39 000–მდე აბიტურიენტი აბარებს.


