Accentnews.ge
სტოლტენბერგმა და ბურჭულაძემ NATO–საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

სტოლტენბერგმა და ბურჭულაძემ NATO–საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

30/06/2021 14:02:57 საზოგადოება

დღეს ბრიუსელში NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

როგორც ალიანისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა, მათ შორის, NATO–საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

"გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე ყურადღების გამახვილება ხდება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სტოლტენბერგმა და ბურჭულაძემ განიხილეს NATO–ს სამიტის შედეგები, სადაც სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ერთგულება "ღია კარის" პოლიტიკისადმი.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", – ნათქვამია ალიანისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.

"ჯუანშერ ბურჭულაძემ იენს სტოლტენბერგს ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა NATO-საქართველოს "არსებითი პაკეტის" წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად აისახება NATO-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ პროგრესზე. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა და ქართულ მხარეს NATO-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა".

ცნობისთვის: ეს იყო პირველი შეხვედრა სტოლტენბერგსა და ბურჭულაძეს შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S