როგორ შეარჩევენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს შეცვლილი კოდექსით
30/06/2021 11:00:08 პოლიტიკა
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ახალი წესით აირჩევს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 28 ივნისს მიიღო, სწორედ ამ კანონპროექტშია განსაზღვრული თამარ ჟვანიას შემცვლელის არჩევის პროცედურა.
ცვლილებების მიხედვით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტდება, ისინი პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენენ.
კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.
დეპუტატების ხმების 2/3 საჭიროა იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით დამტკიცდეს, იმ შემთხვევაში კი თუ ასე არ მოხდა, მას 6 თვის ვადით აირჩევენ.
ცესკოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ეყოლება, მათგან ერთი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან. ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი ოპოზიციური პარტიების მხრიდან იქნება არჩეული, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს.
თამარ ჟვანიას გადადგომის გამო პრეზიდენტმა განკარგულება არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელიც 10 დღის წინ აცხადებდა, რომ "არსად წასვლას აპირებდა", დღეს თანამდებობიდან გადადგა.
ამავე თემაზე: მმართველი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა რეაქცია ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებაზე


