მმართველი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა რეაქცია ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებაზე
30/06/2021 09:49:10 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელიც 10 დღის წინ აცხადებდა, რომ "არსად წასვლას აპირებდა", დღეს თანამდებობიდან გადადგა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თვეების განმავლობაში თამარ ჟვანია "დაუმსახურებელი შეურაცხყოფის ქვეშ იყო". იგი გამორიცხავს, რომ ჟვანიას გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიეღო:
"ადამიანურად ძალიან მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა".
როგორც დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, გადადგომა ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო:
„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ. [...] საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ უზრუნველყო, რომ ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა“.
"მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მქონია", – დასძენს სარჯველაძე.
თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ჟვანია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და მას კონსულტაციები "ქართულ ოცნებასთან" ექნებოდა.
"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობა და ღრმა კრიზისი შეიქმნა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ამის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე იყო თამარ ჟვანია, სიმბოლურად მას უკავშირდება მთელი ეს კრიზისი. ამიტომ მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც მივიღებდით ახალ „საარჩევნო კოდექსს“, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ", - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
"მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა", – ასე ეხმიანება ჟვანიას გადადგომას დეპუტატი დავით ზილფიმიანი.
"იმ ოქმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, ვაცხადებ, თამარ ჟვანიას რომც სდომებოდა, მოცემულ სიტუაციაში არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო მისი გადადგომა, მაშინ გადადგა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა. არ ვიცი, ალბათ, მაინც აპირებდა გადადგომას, მაგრამ არ უნდოდა, გამყალბებლის იმიჯით წასულიყო. ჩვენი კომისიის დასკვნა ერთ კვირაში დაიდება“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ "ჟვანიას თანამდებობაზე ყოფნა თავად "ოცნებას" არ აწყობდა":
"მგონი საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ მიიღო ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი და ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარებულიყო თამარ ჟვანიას ხელში, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს ყოველთვის იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ "აი ნახეთ, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა შეცდომები" და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მოსალოდნელი იყო, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ "ქართულ ოცნებას" არ აწყობდა თამარ ჟვანიას იქ ყოფნა, როგორც ცუდად ჩატარებული არჩევნების სიმბოლოსი".
მისივე თქმით, ჟვანია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა.
„ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები", – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ჟვანიას გადაწყვეტილებას.
„ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგების შენარჩუნება ვერ შეძლო. ამის მიზეზია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები. ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება", – აცხადებს ხოჯევანიშვილი.
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა":
„თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს. არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ".
"ქართულმა ოცნებამ" შეასრულებინა მიცემული დავალება, რომ არჩევნები უნდა გაეყალბებინა, პარტიას გაემარჯვებინა, შემდეგ გამოიყენა და გაუშვა სახლში", - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დავით კირთაძე თამარ ჟვანიას გადადგომას.
"მისი გადადგომა კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეაქეს, რომ კარგად ჩაატარეო, მაშინ რატომ უნდა წასულიყო?! ეს არის კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეასრულებინა მიცემული დავალება, რომ არჩევნები უნდა გაეყალბებინა, პარტიას გაემარჯვებინა, შემდეგ გამოიყენა და გაუშვა სახლში", –განაცხადა მან.
გირჩი - მეტი თავუსუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჟვანიას გადადგომა "კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად":
"ოცნება" ცდილობს, იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან - მიშელის შეთანხმება ჩაიშალა. ეს მისცემს ოცნებას შესაძლებლობას უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო ხელახალი არჩევნები და ხელი "შეთანხმებიდან გასულ" ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით სწორედ ეს არის მათი მიზანი. ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა".
ცნობისთვის: პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.


