ჭყონია – მერობის კანდიდატობაზე: "თბილისს სჭირდება ბრედ პიტი"
30/06/2021 05:32:34 საზოგადოება
ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ არ აქვს ამბიცია, გახდეს თბილისის მერი.
"ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. ვფიქრობ, ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება", – განაცხადა ბიზნესმენმა "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის: პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის კარგი კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება.
როგორც ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ჭყონიას უკვე ესაუბრა.
„ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, – აცხადებს ხაზარაძე.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება.


