
როგორი ურთიერთობების წარმოებას აპირებს ევროკავშირი რუსეთთან
29/06/2021 16:42:47 მსოფლიო
ევროკავშირს რუსეთთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკა ექნება – ერთის მხრივ, დაიცავს საკუთარ პოზიციებს მნიშვნელოვან საკითხებში, მეორეს მხრივ, სრულად არ გაწყვეტს მოსკოვთან ურთიერთობებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს სტატიაში სახელწოდებით „როგორ ვაწარმოოთ რუსეთთან ურთიერთობები?“.
იგი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სამიტზე რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დისკუსიას აჯამებს:
„ყველა შემთხვევაში რუსეთი ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის არსად გაქრება და მასში უახლოეს მომავალში ძნელი წარმოსადგენია პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც მისი ქცევის შეცვლას გამოიწვევდა. ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს და აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიგვიყვანდა ერთგვარი თანაარსებობის ფორმამდე - ჩვენი ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით და, ამავე დროს, ესკალაციის განვითარებისთვის თავის აცილებით“.
ბორელი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა.
მისი თქმით, რუსეთისადმი ევროკავშირის მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს. კავშირი წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, მათ შორის, მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც იგი წერს, ევროკავშირი ასევე წინ უნდა აღუდგეს მოსკოვის მცდელობებს, ერთმანეთს გადაჰკიდოს თავად ევროპის ქვეყნები, ასევე უნდა ებრძოლოს კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციასა და კორუფციას.
"გარდა ამისა, აუცილებელია ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფოების, განსაკუთრებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრთა მდგრადობის გაძლიერება. ეს მათგან შიდა მმართველობის გაუმჯობესებას მოითხოვს. აქ იგულისხმება: კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფა. რაც უფრო წარმატებულები იქნებიან ისინი რეფორმების პროცესში, მით უფრო გაუწევენ წინააღმდეგობას რუსულ ზეწოლას ან ჩარევას. როგორც ევროკავშირი, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის მეზობლების მხარდაჭერას, რათა მათ და მათმა მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი", – წერს ბორელი.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობა საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხში, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ლიბია, ავღანეთი, სირია, მთიანი ყარაბაღი, ირანი, ასევე პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა.
გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირს კონფლიქტი რუსეთის მოქალაქეებთან კი არა აქვს, არამედ მხოლოდ მათი ლიდერების პოლიტიკასთან. ამიტომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი გამოდის წინადადებით, განვითარდეს ხალხთა შორის კონტაქტები, კერძოდ, გაადვილდეს სავიზო რეჟიმი რუსი ახალგაზრდებისთვის და მეცნიერთათვის.
ბორელი პირდაპირ არ უჭერს მხარს და არც უარყოფს საფრანგეთისა და გერმანიის იდეას, სამიტი ჩატარდეს რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის წარმოება და ეს არ ნიშნავს მოსკოვის მიმართ დათმობას.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მოამზადებს წინადადებებს ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაუწესდეს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუკი ის გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს.