რა სკითხები განიხილეს ჯანდაცვის მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საპატრიარქოში
29/06/2021 12:01:35 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და „იუნისეფის“ წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.
„ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომელიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები.
პროცესი მიმდინარეობს ახლა, არ არის საუბარი დახურვაზე და რაღაც ვადებზე. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება, რომ ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას.
გაცილებით უფრო ფართო იყო დისკუსია და საუბარი ეხებოდა ბევრ კომპონენტს, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და არა რაღაცა ვადებზე, დახურვასა და არ არდახურვაზე. ერთგვარად შეფასდა წინა შეხვედარზე რაც ითქვა, თუ როგორ წარიმართთა იმის შემდეგ პროცესები. ითქვა ისიც, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საპატრიარქოში დღეს სემაჯამებელი შეხვედრა შედგა და ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა განიხილეს, „რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები“:
„ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა, ამასთან, მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების უსაფრთოხება გარანტირებულად უზრუნველყოფილია:
„დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, რა მოდელით და რა ხერხით არის მნიშვნელოვანი ბავშვების გამოყვანა, თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ მათთან და დასკვნის დადების შემდეგ, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ჩვენ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რა თქმა უნდა, მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, სად მოხდება ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს როგორც სახელმწიფო, ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს პანსიონთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფაქტს დღეს ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა თანამშრომლობა მიმდინარეობს და ჩართული ვართ თანამშრომლობის იმ ნაწილში, სადაც საჭიროა გამჭვირვალობა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


