შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების ფონზე კრემლი ანექსირებულ ყირიმში გააქტიურდა
29/06/2021 10:23:44 მსოფლიო
შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების ფონზე, რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა გამოსცადა.
როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ანექსირებულ ნახევარკუნძულზე სასწავლო შემოწმებაში ჩართული იყო 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, მათ შორის მზვერავი თვითმფრინავი სუ-24, ბომბდამშენები სუ-27 და სუ-30, ვერტმფრენები მი-8 და კა-27. ასევე ეს-400-ის, „ტრიუმფის“ და „პანცირის“ კომპლექსების დივიზიები.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორგანიზებით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021 დაიწყო.
წვრთნაში, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე არასდროს ჰყოლია: სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.
სამხედრო წვრთნები წარიმართება სხვადასხვა, მათ შორის, სადესანტო გემების შეჯახების, ხმელეთზე მანევრების, წყალქვეშა ოპერაციების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სცენარით. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს მეორე, მუდმივი საზღვაო ჯგუფი. მანევრები 23 ივლისამდე გაგრძელდება.
წვრთნების დაწყებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ Sea Breeze-ის „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.


