Accentnews.ge
გამყრელიძე – „ინდურ შტამზე“: „გაიზარდა შემთხვევები“

გამყრელიძე – „ინდურ შტამზე“: „გაიზარდა შემთხვევები“

29/06/2021 08:38:49 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გუშინ, ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ "დელტა" შტამის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს "დელტა" შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საყურადღებო უწოდა კოვიდ–ინფიცირების ახალ ნამატს:

„კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა”.

მისი თქმით, პრევენციული ზომების კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო:

„ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 30 ათასის ფარგლებში მერყეობს და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამჟამად 2639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში. 594 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 158 გახლავთ რეანიმაციებში. 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება და ეტაპობრივად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ახალი მაჩვენებელი „დელტა“ შტამს უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის: Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S