საქართველოს "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ
28/06/2021 12:23:46 საზოგადოება
ევროპარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი პარლამენტარები საქართველოს სთხოვენ, დაიცვას ღირსების მარში და უზრუნველყოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დაცვა.
ადრესატი წერილისა, რომელსაც 30 პარლამენტარი აწერს ხელს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურია.
"1-დან 5 ივლისის ჩათვლით, თბილისში იგეგმება ღირსების მარშის გამართვა. პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია 3 ძირითადი აქტივობა: დოკუმენტური ფილმის პრემიერა (1 ივლისი), პრაიდის ფესტივალი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით (3 ივლისი) და ღირსების მარში (5 ივლისი), რაც არის მთავარი აქტივობა ამ კვირეულის.
პრაიდი არის მშვიდობიანი ინსტრუმენტი უფლებების ადვოკატირებისთვის, რომელიც დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ეს არის მნიშვნელოვანი ლგბტქი აქტივისტებისა და თემის წევრბეისთვის, მათი ხილვადობის გასაზრდელად, საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად. ისეთი განცხადებები, როგორიც გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კონტროვერსულია უნივერსალური უფლებების რეალიზებისთვის", - ნათქვამია წერილში, სადაც ევროპარლამენტები გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქმედითი ღონისძიებების გატარებას და პრაიდის დაცვას.
ცნობისთვის: „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აანონსებენ.
„5-ში ქაშვეთის უკან, დილის 10 საათიდან, 9 აპრილის ბაღში ვაცხდებთ მობილიზებას. ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანიარი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა 24 ივნისის ბრიფინზე "ალტინფოს" წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ.„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება. დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
17 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა:
"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე".
წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება. იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”.
მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება:
„ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.
გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.


