ტიკარაძე განმარტავს, რომელი ვაქცინებით დაიწყება საქართველოში მასობრივი აცრა
28/06/2021 08:30:57 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს.
მისი თქმით, ამ ვაქცინებით შესაძლებელი იქნება მასობრივი აცრის დაწყება.
"ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია", - თქვა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ „ფაიზერიც“ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებს.
„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის“ ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


