ამერიკულმა ავიაციამ ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციებზე იერიში მიიტანა
28/06/2021 06:23:03 მსოფლიო
ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა ერაყი-სირიის სასაზღვრო რაიონებში ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციებზე იერიში მიიტანეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ჯონ კირბის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდების განკარგულებით, 27 ივნისს საღამოს, შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ორ და ერაყში ერთ ადგილას ზუსტი ავიაიერიშები განახორციელეს ოპერატიულ ობიექტებსა და იარაღის საწყობებზე, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „კატაიბ ჰესბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადი“ იყენებენ.
პენტაგონის განმარტებით, ეს დაჯგუფებები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოქმედებენ ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ერაყში იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის მიწვევით და ერთადერთი მიზნით - ერაყის უსაფრთხოების ძალებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში.
პენტაგონის თანახმად, აშშ-მა მიმართა აუცილებელ და გააზრებულ ქმედებას, რომელიც მიმართული იყო ესკალაციის რისკის შეზღუდვისკენ და ასევე, წარმოადგენდა შეკავების მკაფიო, არაორაზროვან სიგნალს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აშშ მოქმედებდა თავდაცვის უფლების შესაბამისად, ავიაიერიშების მასშტაბი შეღუდული იყო და მიზნად ისახავდა საფრთხის განეიტრალებას.


