ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ხვალ ჩავა
27/06/2021 17:09:59 საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვალ, 28 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში ჩავა და დაწესებულებას მოინახულებს.
როგორც ცნობილია, ომბუდსმენი პანსიონში ახალ მმართველთან, მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.
2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.


