
კადეტთა სამხედრო-საველე სწავლება დასრულდა
25/06/2021 13:31:37 თავდაცვა
კადეტთა სამხედრო-საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეცადინეობის ბოლო დღე ტესტირებასა და შემაჯამებელ შეხვედრებს დაეთმო.
"სასწავლო კურსების პირად შემადგენლობასთან შემაჯამებელი შეხვედრა კადეტთა კლუბში შედგა. შეხვედრას ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სამხედრო-საველე სწავლების ხელმძღვანელი მაიორი გენადი ჯიბლაძე, სასწავლო კურსის უფროსები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სწავლების მნიშვნელობაზე და ამ სწავლების მთავარ მონაპოვარზე. შეფასებისას კადეტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ყოველი დღე იყო ახალი გამოწვევის დაძლევის, დადებითი ემოციების გაცვლის, ცოდნის, სამხედრო ჩვევების და გამოცდილების შეძენის.
„ორკვირიანი სწავლებისას ნათლად დავინახეთ ლიდერის როლი ნებისმიერი ამოცანის შესრულების დროს, მივხვდით რომ გუნდის წარმატება დამოკიდებულია არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის წარმატებაზე, არამედ გუნდის ყოველი წევრის წარმატებაზე. მიჭირს ცალკე რომელიმე სწავლების გამოყოფა, რადგანაც ყოველი სწავლება თავის მხრივ ძალიან საინტერესო და გამოცდილების მომცემი იყო“- პირველი სასწავლო კურსის კადეტი გიორგი ბრუნჯაძე.
„ორი კვირა სამხედრო მოსამსახურეების ცხოვრების სტილით გავატარეთ, ამ სწავლებამ შესაძლებლობა მოგვცა კარგად გაგვეაზრებინა თუ რა ვითარებაში, როგორ გარემოში უწევთ სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულება. მივხვდით, რომ გუნდურობის, საქმის ცოდნისა და სწრაფად რეაგირების გარეშე შეუძლებელია დავალებას წარმატებით გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდით, იყო ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა ყოველი ახალი დავალება იყო სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი“ - პირველი სასწავლო კურსის კადეტი ელენი ჟორჟლიანი.
სწავლებაში ჩართულმა ყველა კადეტმა გაიარა დაწყებითი სამხედრო მომზადების ტესტირება. მათ კურსიდან კურსზე გადასასვლელად ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღება მოეთხოვებათ.
კადეტებმა ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ორკვირიანი საველე-სამხედრო მეცადინეობები გაიარეს. სამხედრო-საველე სწავლებაში ჩართული იყვნენ როგორც ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.