„არ გამოვრიცხავთ, „ინდური შტამი“ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ცირკულაციაში წამყვანი გახდეს“
25/06/2021 13:24:27 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პროგნიზით, კორონავირუსული ინფექციის „ინდური შტამის“ შემთხვევები მოიმატებს და შესაძლოა, ერთ-ერთი წამყვანიც გახდეს ცირკულაციის თვალსაზრისით.
„დელტა შტამი ქვეყანაში მოიმატებს და არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ეს შტამი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცირკულაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის: NCDC–ს ცნობით, „ინდური შტამის“ გავრცელება ამ დროისთვის ქვეყანაში 20%–ია. მანამდე საქართველოში ძირითადდა „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებდა.
ამასთან, გამყველიძემ ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ივლისის დასაწყისში უნდა შემოვიდეს:
„ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა თარიღი კიდევ რომ დავასახელო, შესაძლოა, ისევ პრობლემა გახდეს. რამდენჯერმე დასახელდა თარიღი და სამწუხაროდ, შეიცვალა. ვფიქრობ, ვაქცინის მოწოდების დრო უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა ანუ პირველი ათეული.
გარდა გაერო-ს ბავშთა ფონდისა, ჩვენ პარალელურად ბევრ სახელმწიფოსთან და ორგანიზაციასთან ვმუშაობთ, რათა როგორმე მოვიპოვოთ ან ვისესხოთ, შემოვიტანოთ დამატებითი დოზები. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაახლოებით 4 000 ადამიანს, რომლებსაც გაუუქმდათ ჯავშანი, აცრის უფლება დროულად მივცეთ“.


