„საქართველოში იაპონური კომპანიების ინტერესი იზრდება“
25/06/2021 10:22:39 ეკონომიკა
საქართველოში იაპონური კომპანიების ინტერესი იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში,– იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, 23 ივნისს იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ დასრულდა „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები.
ინფორმაციისთვის: შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის 2017 წელს დაიწყო. შეთანხმებას ხელი 2021 წლის 29 იანვარს მოეწერა და ის 2021 წლის 23 ივლისს ამოქმედდება. შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიას და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ყოვლისმომცველი და დეტალური წესები. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აქვთ მოლოდინი, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიზის თანახმად, საქართველო აზიისა და ევროპის ერთგვარი დამაკავშირებელია.
„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რათა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. ასევე მიმდინარეობდა საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებს იმ ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტიციების შემდგომ განვითარებას,“ - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აცხადებს, რომ „ღია ვართ იაპონური კაპიტალისთვის“.
რელიზში კონკრეტულ ინვესტიციებზე საუბარი არაა.


