
კუბილიუსი: "ევროკავშირის ახალი შემოთავაზებები დამოკიდებული იქნება საქართველოს ადვოკატირებაზე ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში"
24/06/2021 17:06:25 პოლიტიკა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის "შუალედური წევრობის სტატუსის" მინიჭების ინიციატივით გამოვიდა, აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი შემოთავაზებები დამოკიდებული იქნება თბილისის ადვოკატირებაზე ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
ამის შესახებ კუბილიუსმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
"ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროკავშირის პროაქტიურ დღის წესრიგს "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებისთვის. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2019 წელს თბილისში მიღებულ რეზოლუციაში "ტრიო+" გამოხატულია მხარდაჭერა სპეციალური პროცესის მიმართ, რომელიც ასოცირების დღის წესრიგის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაახლოებას გულისხმობს. იგივეა დაფიქსირებული მოგვიანებით ევრონესტის ბიუროს განცხადებაში, რომელიც 2020 წელს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე გაკეთდა. ამჟამად ევროპული კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ამზადებენ ახალ დოკუმენტს შემდგომი პოლიტიკური მიზნების თაობაზე. ევროკავშირის ახალი შემოთავაზებები დამოკიდებული იქნება საქართველოს ადვოკატირებაზე ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში. მეორეს მხრივ, საქართველოს გაცხადებული მიზანი, 2024 წელს წევრობის განაცხადი წარადგინოს, მობილიზების დამატებითი ფაქტორია ევროკავშირისთვისაც, რომელიც ევროინტეგრაციის ახალი ეტაპისთვის უნდა ემზადოს", – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე სახელმწიფოების აზრის შესაცვლელად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაწევრიანების მსურველი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს.
"აქ უმნიშვნელოვანესია რეფორმების გატარება, - ამაზე მეტყველებს ევროკავშირის გაფართოების დღემდე არსებული მაგალითებიც. იგივე მიდგომაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ და ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გზას ხსნის ინტეგრაციისთვის. ამასთან, ეს ფაქტორი ქმნის რეფორმების განხორციელების მოტივაციას, ზრდის როგორც სტაბილურობას, ისე მეგობრების რაოდენობას ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში. 2004 წელს – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირი გაფართოებული არ იყო, ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ თავის ფორმულაში "ყველაფერი, ინსტიტუტების გარდა" განგებ აღნიშნა გაწევრიანების პერსპექტივის აუცილებლობა, რათა გაეძლიერებინა რეფორმირების მოტივაცია და ევროინტეგრაციის იმპულსი", – განაცხადა კუბილიუსმა.
როგორც ევროპარლამენტარი მიიჩნევს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების წარმატება შთამაგონებელი უნდა იყოს რუსეთისთვისაც, სტაბილური და წარმატებული დემოკრატიული განვითარების გზა აირჩიოს.
"ესაა მოვლენათა განვითარების ის სცენარი, რომელიც ყველა მხარისთვის, მათ შორის თავად რუსეთისთვისაც მომგებიანი იქნება", – დასძინა კუბილიუსმა.
რა არის "შუალედური წევრობის სტატუსი"
"შუალედური წევრობის სტატუსი" არის დიფერენცირებული ინტეგრაციის მოდელი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ხარისხით ინტეგრაციას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მექანიზმებში ისევე, როგორც წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს მოდელი ეფუძნება ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის ფორმულას – "ყველაფერი (წევრობის ყველა სარგებელი) ინსტიტუციების გარდა“.
იხილეთ ასევე: საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარმატებისთვის – კუბილიუსის ანალიზი