
ფრიდი:"მოსკოვიდან სათანადო ნაბიჯების გარეშე ევროპელები რუსეთთან "გადატვირთვის პოლიტიკის" გატარებას არ უნდა ეცადონ"
24/06/2021 14:21:07 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დანიელ ფრიდი ეხმიანება გერმანულ ინიციატივას, რუსეთ–ევროკავშირის სამიტების აღდგენის თაობაზე და ევროპელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიბაძვისკენ მოუწოდებს.
როგორც მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, "თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას (როგორც ეს გაწერილია ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ რუსეთის მიმართ შემუშავებულ ახალ სტრატეგიაში სახელწოდებით "უკან დახევა, შეზღუდვა, ჩართულობა") ამ შემთხვევაში რუსეთთან დიალოგს შესაძლოა, აზრი ჰქონდეს".
"ევროპელებმა უნდა აიღონ მაგალითი ჯო ბაიდენისგან – უნდა იყოს კომბინაცია მტკიცე პოზიციის, რუსეთში დემოკრატიის მხარდაჭერისა და პუტინის მიმართ რეალისტური მიდგომის. აი, ამ საფუძველზე უნდა გამოთქვან სურვილი, ითანამშრომლონ პუტინთან საერთო ინტერესის სფეროებში. მოსკოვიდან სათანადო ნაბიჯების გარეშე ევროპელები რუსეთთან "გადატვირთვის პოლიტიკის" გატარებას არ უნდა ეცადონ. კრემლის ზომები კი მიმართული უნდა იყოს მისგან მომდინარე აგრესიისა და რეპრესიების (რამაც შექმნა დაძაბულობა) მოსაგვარებლად", – განაცხადა ფრიდმა.
რუსეთთან დიალოგის აღდგენის ინიციატივით თავდაპირველად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა. მას მყისიერად დაუჭირა მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. დღეს ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნულ იდეას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმაც.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს მიმდინარე ორდღიან სამიტზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო აღდგენის, პანდემიის და თურქეთთან ურთიერთობების საკითხების განხილვაა დაგეგმილი.
ცნობისთვის: ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.