
კრემლში მიესალმებიან ევროკავშირის ინიციატივას რუსეთთან დიალოგის აღდგენის თაობაზე
24/06/2021 13:24:15 მსოფლიო
კრემლში მიესალმებიან ევროკავშირის ინიციატივას რუსეთთან დიალოგის აღდგენის თაობაზე.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი დადებითად აფასებს ევროკავშირის ინიციატივას.
"ასეთი დიალოგი ნამდვილად სჭირდება ორივეს – ბრიუსელსაც და მოსკოვსაც. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა პოზიტიურია", – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ინიციატივით თავდაპირველად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა. მას მყისიერად დაუჭირა მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე რუსეთთან დიალოგის აღდგენას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმაც.
ევროპული საბჭოს მიმდინარე ორდღიან სამიტზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო აღდგენის, პანდემიის და თურქეთთან ურთიერთობების საკითხების განხილვაა დაგეგმილი.
ცნობისთვის: ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.