Accentnews.ge
"ბრიუსელში ამ ეტაპზე "შუალედური სტატუსის" მინიჭება უფრო რეალურად მიაჩნიათ, ვიდრე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“

"ბრიუსელში ამ ეტაპზე "შუალედური სტატუსის" მინიჭება უფრო რეალურად მიაჩნიათ, ვიდრე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“

23/06/2021 10:50:54 პოლიტიკა

ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე წამყვანი კვლევითი ცენტრი CEPS დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სახელმწიფოების ევროინტეგრაციის შედეგების ერთმანეთს შედარების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ასოცირებული ქვეყნებისა და უშუალოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით იქნება დიფერენცირებული ინტეგრაციის მოდელი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ხარისხით ინტეგრაციას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მექანიზმებში ისევე, როგორც წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს მოდელი ეფუძნება ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის ფორმულას – "ყველაფერი (წევრობის ყველა სარგებელი) ინსტიტუციების გარდა“.

როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, საქართველოს "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებთან ერთად შეუძლია, შეიმუშაოს და ლობირება გაუწიოს "შუალედური წევრობის სტატუსის" (ევროკავშირის წინა პალატის ან ატრიუმის) მოდელს, რომელიც ეფუძნება რომანო პროდის ფორმულას.

CEPS-ისა და "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის"​ (GIP) ერთობლივ ონლაინ ღონისძიებაზე, სადაც CEPS–ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა აღინიშნა, რომ "შუალედური სტატუსის" მინიჭების საკითხი ევროკავშირისთვის, დიდი ალბათობით, მისაღები იქნება.

რამდენად რეალურია, ევროკავშირმა საქართველოს "შუალედური სტატუსი" მიანიჭოს

ზემოთ ხსენებული პრეზენტაციის შემდეგ "აქცენტი" შეეცადა, უშუალოდ კვლევის თანამომაწილეებთან გაერკვია, რა განწყობებია ბრიუსელში ახალი იდეის მიმართ.

როგორც ირკვევა, "შუალედური სტატუსის" მინიჭება ამ ეტაპზე ბევრად უფრო რეალურ შესაძლებლობად მიაჩნიათ, თუმცა ესეც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ლობირებას მოითხოვს საქართველოს მხრიდან.

"ბრიუსელში "შუალედური სტატუსის" მინიჭება ამ ეტაპზე ბევრად უფრო რეალურ შესაძლებლობად მიაჩნიათ, ვიდრე საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2024 წლისათვის. ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოითხოვს ევროკავშირის წევრებს შორის სრულ კონსენსუსს, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. აქ მოიაზრება ევროკავშირის შიდა პრობლემები, რომლებიც ანელებენ ევროკავშირის გაფართოებას, ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის სისუსტე ისევე, როგორც რუსეთის ფაქტორი და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ამ მხრივ, "შუალედური სტატუსის" მინიჭება უფრო რეალურია, თუმცა ესეც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ლობირებას მოითხოვს საქართველოს მხრიდან. უფრო ეფექტიანი ლობირება შესაძლებელია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ეგრეთ წოდებულ „ტრიოს“ ფორმატში. ევროკავშირთან ასოცირებულმა ამ სამმა ქვეყანამ უკვე მოაწერა მემორანდუმს ხელი და საქართველოს შეუძლია ამ მემორანდუმის სტრატეგიულად გამოყენება შუალედური სტატუსის მისაღებად", – განუცხადა "აქცენტს" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, CEPS–ის მკვლევარმა, GIP–ს ასოცირებული მკვლევარმა თინათინ ახვლედიანმა.

"აქცენტი" დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია კვლევის ავტორებთან და რას ფიქრობენ თბილისში "შუალედური სტატუსის" მინიჭების თაობაზე?

"თბილისში მოლოდინები ამ ეტაპზე გაყოფილია კრიტიკოსებსა და ოპტიმისტებს შორის. CEPS-ისა და GIP-ს ერთობლივ ონლაინ ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი კვლევის პრეზენტაცია შედგა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან (პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი) პოზიტიური კომენტარები გაკეთდა საქართველოს მოწინავე რეიტინგებზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროინტეგრაციის პროგრესულ მოდელზე. ამ ეტაპზე მეტი კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან არ შემდგარა",– განაცხადა ახვლედიანმა.

"შუალედური სტატუსის" სარგებელი, თუმცა არა უპირობო

ახვლედიანი "შუალედური სტატუსის" სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ახალი სტატუსის მინიჭება უპირობო არ იქნება.

"ევროინტეგრაციის ამ მოდელის თანახმად, საქართველო შეძლებს, მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სარგებელი ევროკავშირის ინსტიტუტებში სრული მონაწილეობის გარდა. მაგალითად, აქ მოიაზრება სრული წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, სტრუქტურულ ფონდებზე; ასევე ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობა და ევროკავშირის ინსტიტუტებში პროგრესული გაწევრება ხმის მიცემის უფლების გარეშე. ამ მხრივ საქართველოსთვის სარგებელი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უპირობო პროცესი არ იქნება. ამ მოდელის თანახმად, ინტეგრაციის გაღრმავება იქნება დამოკიდებული საქართველოს პროგრესზე ყველა იმ მიმართულებით, რაზეც ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულებები ასოცირების ხელშეკრულებით. გარდა ამისა, ინტეგრაციის გაღრმავების წინაპირობა ასევე იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიისადმი ერთგულება, კანონის უზენაესობა და რეფორმების სწორი განხორციელება ქვეყანაში", – აცხადებს მკვლევარი.

დიფერენცირებული ინტეგრაციის რისკები

ახვლედიანი ამ კატეგორიაში ორ რისკს ასახელებს:

  • უმუშევრობის მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოდან სამუშაო ძალის სრული გადინება, რაც რეალური საფრთხეა;
  • რუსეთის ფაქტორი.

"დიფერენცირებული ინტეგრაციის რისკები გამომდინარეობს იმ ძირეული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებით რაც სადღეისოდ საკმაოდ განასხვავებს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს. ქართული ეკონომიკა საკმაოდ მყიფე და სუსტია, რის გამოც ბევრად ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი – მაგალითად, ბულგარეთს. ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა კი ბადებს ეჭვებს სამუშაო ძალის სრულად გადინებაზე, რაც საკმაოდ რეალური საფრთხეა თუ გავითვალისწინებთ უმუშევრობის მაღალ დონეს ქვეყანაში. თუმცა ამ რისკების შემცირება შეიძლება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით და ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციით. რაც შეეხება პოლიტიკურ რისკებს, რა თქმა უნდა, აქ რუსეთის ფაქტორი ერთვება, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის არ არის ახალი. ევროინტეგრაციისგან დამოუკიდებლად, რუსეთის ფაქტორი ჩვენს რეგიონში სულ აქტიურია. ამ მხრივ ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავების სარგებელი პოლიტიკურ რისკებს ბევრად აღემატება", – აცხადებს მკვლევარი.

იხილეთ ასევე: საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარმატებისთვის – კუბილიუსის ანალიზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S