„თალიბანმა“ ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ მთავარ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა
23/06/2021 09:41:07 მსოფლიო
ავღანურმა ტერორისტულმა სამხედრო დაჯგუფება „თალიბანმა“ ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ მთავარ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა,– იუწყება „ალჯაზირა“.
ამავე წყაროს ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრებმა პოსტები მიატოვეს და საზღვრის მიღმა გაიქცნენ.
როგორც მედიასაშუალება წერს, სამხედრო ოპერაციაში ასობით „თალიბი“ იღებდა მონაწილეობას და აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს „თალიბანის“ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ საერთაშორისო ძალების ქვეყნიდან გასვლის დაწყების შემდეგ ბრძოლა გააძლიერა.
ტაჯიკეთთან სასაზღვრო ზონაზე კონტროლის დამყარება ოფიციალურად დაადასტურა „თალიბანის“ პრეს–სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
ვითარება ავღანეთში ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად
ცნობისთვის: ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება.
გაერო-ს ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს, „თალიბანმა“ ავღანეთის 370 რაიონიდან 50-ზე მეტ რაიონზე დაამყარა კონტროლი.
21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირის ბოლოს ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის თეთრ სახლში უმასპინძლებს. ეს აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ.
22 ივნისის კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ავღანეთიდან გასვლის ტემპი შესაძლოა, შეანელოს. მიზეზად „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერება სახელდება.
როგორც პენტაგონის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ავღანეთიდან გასვლის ბოლო ვადა კვლავ 11 სექტემბერია, თუმცა ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის ტემპი შესაძლოა, შეიცვალოს.
მისივე თქმით, ”ავღანეთში ვითარება შეიცვალა, რადგან თალიბები განაგრძობენ თავდასხმების განხორციელებას".
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებს ვითარების სრული კონტროლი შეუძლიათ. თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან აშშ–სა და ნატო–ს გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა "თალიბანის" კონტროლის ქვეშ მოექცევა.


