„დარჩებით მარტო!“ – ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს
23/06/2021 09:23:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
საპასუხოდ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართვლოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ თუ მმართველი გუნდი პროცესს განაგრძობს, ოპოზიციამ კვლავ დატოვოს პარლამენტი, მიიჩნევენ რა პროცესს შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი სეთანხების დოკუმენტის დარღვევად.
„ეს უხეში დარღვევაა იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. მინდა, გავაჟღერო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის ინიციატივა“ და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ის, რომ თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო!არავის ვაპატიებთ იაფფასიან სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ.“,– განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ.
ინიციატივას შეუერთდა კახა ოქრიაშვილიც. მისი თქმით, “ქართულმა ოცნება” არალეგიტიმური ნაბიჯი გადადგა და “აყალბებს სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს”.
“ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბოტკოველის თქმით, ინიციატივა მისაღებია, თუმცა ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს.
როგორც გიორგი ბოტკოველი ამბობს, იმ პარლამენტში ჯდომა, “სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის მოპოვებული” კომფორტს არავისთვის წარმოადგენს.
“მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს შეეცდება, ის კლანი გააძლიეროს და გაამყაროს, რომელიც დღეს არსებობს სასამართლოში. რაც შეეხება „ლელოს” შემოთავაზებას, ჩემთვის გასაგებია, მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. რაც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით ასევე. იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს. ამიტომ ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ "ასეთი განცხადებები არ უნდა ვიჩქაროთ".
ვაშაძის აზრს იზიარებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი:
"მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია", – აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
იგივე არგუმენტაციით კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
22 ივნისს აშშ–ის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველ გუნდს რეფორმებამდე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის სეჩერების ვალდებულება:
"სანამ რეფორმების პროცესი დაიწყება, პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა დებატები, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით.
შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს ამაზე და შეთანხმდნენ ამ პროცესის შეჩერებაზე მანამ, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრულფასოვანი დებატები არ გაიმართება. საქართველოს კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პროცედურების და პროცესების უმეტეს ნაწილს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა საერთო კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების მიერ და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ამოქმედება და კორექტირება პარლამენტის უფლებამოსილებაა.
ახლა პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და 19 აპრილის ხელშეკრულებით, შეაჩეროს დანიშვნების პროცესი და უზრუნველყოს დებატები, უზრუნველყოს წინა რეფორმების შეფასება, რაც ასევე არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთივე ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით".
შეგახსენებთ ასევე, რომ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც მათ შორის, მმართველი პარტია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
იხილეთ ასევე: აშშ-ის სენატი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა და სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებს


