აშშ-ის სენატი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა და სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებს
23/06/2021 07:44:40 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც პოლიტიკურ ძალებს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა და სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებს.
"სენატი მოუწოდებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ითანამშრომლონ ერთმანეთთან კეთილი ნებით, რათა შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნას.
სენატი მოუწოდებს ყველა პარტიას და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, კერძოდ, COVID – 19–ის პანდემიაზე, ეკონომიკასა და შემდგომ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე.
სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც სათავეში პარტია "ქართული ოცნება" უდგას, ჩაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
სენატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება.
სენატი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში არსებული პრობლემები ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", – ნათქვამია დოკუმენტში.


