როგორ მოხვდა ქართველი მხატვრის ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევარი ესპანეთის სამეფო ოჯახის კოლექციაში და რით გამოარჩევენ ხელოვნებათმცოდნეები მის შემოქმედებას
23/06/2021 08:30:13 საზოგადოება
ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი. მისი ნახატები ბევრი ქვეყნის კერძო კოლექციებშია. ცოტა ხნის წინ მათ რიგებს ესპანეთის სამეფო ოჯახიც შეემატა.
როგორც მხატვარი "აქცენტთან" საუბრისას აღნიშნავს, იგი უკვე წლებია, მადრიდში ცხოვრობს და მისი კარიერა საკმაოდ დიდი შრომის შედეგია.
"მრავალ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას როგორც ევროპაში, ისე აზიაში და ეს ყველაფერი ბევრი შრომის შედეგია. თითქმის ყოველთვიურად ვარ დაკავებული ამა თუ იმ გამოფენებში, საინტერესო პროექტებში. ამ კუთხით მინდა, გამოვყო რამდენიმე საქველმოქმედო გამოფენა მადრიდსა და საქართველოში", – აცხადებს შხვაცაბაია.

იგი ესპანეთის სამეფო ოჯახის კოლექციაში მისი ნამუშევრის მოხვედრის ფაქტს "წარმატებისა და აღიარების შედეგს" უწოდებს:
"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არის ჩემი წარმატებისა და აღიარების შედეგი. 19 მაისს მადრიდში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ქვეყანა, მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი სამეფო ოჯახს და გადამეცა ჩემი ნამუშევარი სახელწოდებით „სიცოცხლის ჰარმონია“. იგი სპეციალურად ამ დღისთვის იყო შექმნილი. მიხარია, რომ ჩემი ნახატი ასეთი მნიშვნელოვანი კოლექციის ნაწილი გახდა".


ესპანეთის გარდა, ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრები ბევრი ქვეყნის, მათ შორის, აშშ–ის, საფრანგეთისა და პორტუგალიის კერძო კოლექციებშია.
როგორც თავად აცხადებს, ხელოვნებათმცოდნეები მისი შემოქმედებიდან ენერგიას გამოარჩევენ, რომელიც ნახატებიდან მოდის:
"როგორც ჩემი კოლეგები, ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ ჩემს შემოქმედებაზე, მთავარი მასში არის ენერგია – ემოცია და ფერი, რომელიც მოდის ნახატიდან".


რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ხელოვანის ნამუშევრები ესპანეთში, იაპონიასა და პორტუგალიაში გამოფენებზე იქნება წარდგენილი:
"ივლისის ბოლოს მექნება გამოფენა ესპანეთში, კერძოდ, ავილაში, "მოსკერას" სასახლეში, ეს არის მე–14 საუკუნის ისტორიული ძეგლი. გამოფენა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. აგვისტოში ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იქნება ტოკიოში "ოაზის 25"– ის ფარგლებში და სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ნახატები გამოიფინება. სექტემბერში პორტუგალიაში საერთაშორისო გამოფენაზე "Just Lisboa" რამდენიმე ახალი ნამუშევრით წარვსდგები".



