ელიზბარაშვილის თავშესაფარში მცხოვრებ ასობით ძაღლს კვლავ ქუჩაში მოუწევს დაბრუნება
23/06/2021 08:04:44 საზოგადოება
თითქმის ორწლიანი ფინანსური კრიზისის შემდეგ, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი ახალი მიუსაფარი ძაღლების მიღებაზე უარს ამბობს.
როგორც თავშესაფარში აცხადებენ, კრიზისი იმდენად მძიმე იყო, რომ თავშესაფარში მცხოვრებ ცხოველთა გამოკვება პრობლემატური გახდა. მდგომარეობა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გართულდა, როდესაც დაიხურა ბაგა–ბაღები, რესტორნები, სკოლები, საიდანაც ძაღლებისთვის საკვების ნარჩენები გამოჰქონდათ. თავსესაფარმა დახმარების თხოვნით თბილისის მერიასაც არაერთგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
შემდეგ ელიზბარაშვილმა როგორც ადგილობრივ მთავრობას, ისე ბიზნესს შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული თავშესაფრის ტერიტორიის – 2500 კვ.მ. მიწის ფართობის ჩუქება, მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობებით, თუმცა იმ პირობით, რომ თავშესაფარი 8 წლის განმავლობაში სტატუსს შეინარჩუნებდა, მაგრამ შეთავაზებით არავინ დაინტერესებულა.
„ძაღლების მიღებას ვერ შევძლებთ. შესაბამისად, ვერ დავეხმარებით ასობით ძაღლს, რომელთაც ყოველთვიურად ვიღებდით. ფინანსურად ძალიან გაუჭირდა თავშესაფარს“,– აცხადებენ თავშესაფარში.
ამ დროისთვის თავშესაფარში 300–მდე მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს. თავდაპირველად მოხდება მათი ნაწილის გაჩუქება, დანარჩენებს კი კვლავ ქუჩაში მოუწევთ დაბრუნება. თავშესაფარში მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ძაღლები დარჩებიან.


