UEFA-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებით განათების თხოვნა არ გაიზიარა
22/06/2021 14:14:29 მსოფლიო
UEFA-მ არ გაიზიარა გერმანელი პოლიტიკოსების მოთხოვნა, მიუნხენის საფეხბურთო სტადიონი ცისარტყელას ფერებით განათდეს Euro 2020-ის მატჩზე, გერმანიისა და უნგრეთის გუნდების შეხვედრაზე.
„UEFA, მისი წესდების თანახმად, პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაციაა. ამ კონკრეტული თხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გამო - მესიჯისა, რომლის სამიზნეა უნგრეთის ეროვნული პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - UEFA-მ უნდა უკუაგდოს ეს თხოვნა“, – ნათქვამია ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს 22 ივნისის განცხადებაში.
მიუნხენის ქალაქის საბჭოს სურდა, Allianz Arena ცისარტყელას ფერებით გაენათებინა 23 ივნისის მატჩზე და ამით მრავალფეროვნებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა. აღნიშნულს წინ უძღოდა უნგრეთში კანონის მიღება, რომელიც სკოლებში კრძალავს იმგვარი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, „ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას უწყობს ხელს“. კრიტიკოსთა შეფასებით, კანონი ლგბტ ადამიანების უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული.


