თურნავა – ღამის კლუბებზე: "შეზღუდვები ყველაზე დიდხანს სავარაუდოდ, ამ სეგმენტზე გავრცელდება"
22/06/2021 09:02:56 საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების კუთხით ღამის კლუბები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი სექტორია, ამიტომ შეზღუდვები ყველაზე დიდხანს სავარაუდოდ, ამ სეგმენტზე გავრცელდება.
მისივე თქმით, მთავრობა განიხილავს, რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს ღამის კლუბებისთვის.
„ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება და სამწუხაროდ, ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც სხვა ინდუსტრია. როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება", - განაცხადა თურნავამ.


