Accentnews.ge
საია - „კლანის“ ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია და თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან"

საია - „კლანის“ ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია და თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან"

21/06/2021 12:33:04 საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) 2020 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეების კვოტა უნდა გაუქმდეს.

ანგარიშის თანახმად, სასამართლოს კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ, იმავდროულად იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამიტომ, საბჭოს წევრმა, რომელიც, მოსამართლის გარდა, სხვა თანამდებობასაც იკავებს, არჩევისთანავე უნდა დატოვოს იგი.

"წლებია, თავმჯდომარეები საბჭოს ხელში მოსამართლეთა გასაკონტროლებელ მექანიზმად აღიქმებიან. გარდა არაოფიციალური ფუნქციისა, ინდივიდუალურ მოსამართლეს ადევნოს თვალყური, სასამართლოს თავმჯდომარეთა როლს სისტემაში დისკრეციული უფლებამოსილებებიც განსაზღვრავს. მართალია, საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, საქმეებს თავმჯდომარე აღარ ანაწილებს, თუმცა კვლავ პრობლემურია უფლებამოსილება, რომლის მეშვეობითაც, მართლმსაჯულების შეფერხების თავიდან აცილების მოტივით, მას შეუძლია, მოსამართლეს დაავალოს: სხვა პალატაში, საგამოძიებო კოლეგიასა ან სპეციალიზებულ შემადგენლობაში საქმის განხილვა; მაგისტრატი მოსამართლეობა; ხოლო ამ უკანასკნელს მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ საქმიანობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სასამართლოს თავმჯდომარეთა შერჩევისას „კლანის“ ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია და ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს".

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე მხოლოდ ერთი განაცხადის არსებობის შემთხვევაში გასაუბრებას არ ატარებდა და კანდიდატურები პირდაპირ კენჭისყრაზე დგებოდა, რა პირობებშიც ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეები განწესდნენ.

"სასამართლოს თავმჯდომარეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ პოზიციებს, როგორც წესი, ერთი და იგივე პირები იკავებენ. არსებობს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემა. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს. ამ მოსაზრების ილუსტრაციაა საანგარიშო პერიოდში დადგენილი სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეთა დანიშვნის პრაქტიკა“, - ნათქვამია ანგარიშში.

საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა თავად უნდა აირჩიონ.

,,მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, თავმჯდომარეთა შერჩევის წესში წლების განმავლობაში არსებითად არაფერი შეცვლილა. მესამე ტალღის ცვლილებების თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა თავმჯდომარეების არჩევას თავად მოსამართლეების მიერ. თუმცა, საბოლოოდ, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგობის გამო, ეს ნორმა კანონპროექტიდან ამოიღეს. საია მიიჩნევს, რომ თავმჯდომარე შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა თავად უნდა აირჩიონ. გარდა იმისა, რომ ეს საბჭოს ხელიდან გამოაცლის გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტს, ასევე უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S