ირაკლი ქადაგიშვილი: "სპორტი, კულტურა, განათლება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ"
21/06/2021 11:00:54 პოლიტიკა
"სპორტი, კულტურა, განათლება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რუსთაველის თეატრის მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობას შეეხებოდა.
"არსებობს სპორტი, კულტურა, განათლება, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეთ აგრეთვე ხელოვანებს, რომ გადაწყვიტონ თუ სად და როგორ გამოავლენდნენ მის ხელოვნებას. ერთი რამეც ვიცოდეთ ამავდროულად, რომ ხელოვნება შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: რუსთაველის თეატრი ადასტურებს, რომ დასი გასტროლით მოსკოვში მიემგზავრება. როგორც თეატრში აცხადებენ, ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ. მანამდე დასის მოსკოვში გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთაველის თეატრის მისამართით კრიტიკა ისმის, რომლის საპასუხოდ რობერტ სტურუა აცხადებს, რომ "ვინც საქართველო გაყიდა", ახლა რუსთაველის თეატრს "უჩმახებს".


