არჩევნები სომხეთში და საერთაშორისო ინტერესი
20/06/2021 17:42:36 მსოფლიო
სომხეთში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყებაში ამ დროისთვის შესულია 64 საჩივარი, მათ შორის, ერთი პირის მიერ მრავალჯერ ხმის მიცემის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო უბნებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტების თაობაზე.
ამასთან, თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომელთა თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ხმის მიცემას აიძულებდნენ. როგორც უწყებამ განმარტა, "წვევამდელთა მიერ ჯგუფურად ხმის მიცემა ტექნიკურად უფრო სასარგებლო პროცედურაა".
ვინ არიან მთავარი მეტოქეები
არჩევნებში 26 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა – ერთმანეთს სომხეთის მმართველი პარტია “სამოქალაქო კონტრაქტი” და ოპოზიციური პარტიები ან მათ მიერ შექმნილი ბლოკები დაუპირისპირდნენ.
/cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com/reuters/XCVMWTM275M67EPZ2GSQ52OPGA.jpg)
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას ქვეყნის რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი იღებდა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ საარჩევნო რბოლას "რევოლუციონერები ძველების წინააღმდეგ" უწოდეს.
/cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com/reuters/EIQDWVOQQ5IF3APPSQN3DCDTXI.jpg)
26 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5–ს გამოყოფენ და აცხადებენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. ეს 5 პოლიტიკური ძალა შემდეგია:
- ექს–პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის “სამოქალაქო კონტრაქტი”;
- ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პარტია "სომხეთი", რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება;
- ბლოკი "მაქვს პატივი", რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს;
- პარტია "აყვავებული სომხეთი", რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია;
- სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია "სომხეთის ეროვნული კონგრესი";
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ მთავარი ბრძოლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ფაშინიანსა და ქოჩარიანს შორის გაიმართება, თუმცა მათივე ვარაუდით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველთა ხმების 54%-ს ვერ მოაგროვებს და უმრავლესობის მისაღებად სხვა პატარა პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა მოუწევს.
სოციოლოგიური კვლევების შედეგები
აღსანიშნავია, რომ ყველა სოციოლოგიური კვლევა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. მაგალითად Gallup International Association-ის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიას ამომრჩეველთა 23.8% უჭერს მხარს, ხოლო ქოჩარიანის ბლოკს – 24.1%.
განსხვავებულ შედეგებს ავრცელებს ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია-პლატფორმა "EVN Report", რომლის ცნობით, ფაშინიანი ლიდერობს და მას ამომრჩეველთა 24% უჭერს მხარს, ქოჩარიანს – 12%.
საარჩევნო სისტემა
სომხეთის არჩევნებში პარტიებისთვის დაწესებული ბარიერი 5%–ს შეადგენს, ხოლო პოლიტიკური ალიანსებისთვის – 7%–ს.
პარლამენტში 101+4 დეპუტატი აირჩევა, რომელთაგან ოთხი ეროვნული უმცირესობების, იეზიდების, ასირიელების, ქურთებისა და რუსების წარმომადგენელი იქნება. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა “სტაბილური უმრავლესობა”, რაც საპარლამენტო მანდატების 54%–ია.
სომხეთში არჩევნებში მონაწილეობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ამის უფლება სომხეთის კანონმდებლობით აქვს.
საერთაშორისო ინტერესი
სომხეთი, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზას მასპინძლობს, მოსკოვის ახლო მოკავშირეა. თუმცა ფაშინიანს, რომელიც 2018 წელს ხელისუფლებაში ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ ანტიკორუფციული დღის წესრიგით მოვიდა, კრემლთან უფრო ცივი ურთიერთობა ჰქონდა.
"წარმატებულ არჩევნებს ვუსურვებთ ჩვენს ახლო მოკავშირესა და პარტნიორს”, - განაცხადა რუსეთი პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა 19 ივნისს.
თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა, ასევე ყურადღებით აკვირდება ამ არჩევნებს.
პოლიტოლოგები აღნიშნავენ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს ემხრობა, თუმცა ისინი მმართველი პარტიის ხელმძღვანელს მთიანი ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შედეგებს და აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას ვერ პატიობენ.
რაც შეეხება რობერტ ქოჩარიანს, იგი ცნობილია თავისი კარგი ურთიერთობით რუსეთთან. 2008 წელს ქოჩარიანის მმართველობის დროს ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ძალადობრივი გზით დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. მაშინ აქციაზე თავად ნიკოლ ფაშინიანიც დააკავეს. მას ბრალად არეულობის მოწყობა ედებოდა და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა მას ამნისტია შეეხო და ფაშინიანმა ციხე 2011 წელს დატოვა. რაც შეეხება თავად ქოჩარიანს, იგი 2018 წლის ივლისს დააკავეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და კიდევ ორჯერ დააკავეს. ქოჩარიანს, მათ შორის, კორუფციას ედავებოდნენ.
კოჩარიანმა რუსულ მედიასთან ამასწინანდელ ინტერვიუში ყარაბაღის მეორე ომის დროს ხელისუფლებაში მყოფი სომხეთის ხელმძღვანელობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყებდა მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბახის საზღვრებზე".
რა შედეგებით დასრულდება არჩევნები და ვინ ჩაუდგება სომხეთს სათავეში უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს აქციას გამართავს როგორც ფაშინიანის პარტია, ისე ქოჩარიანის ბლოკი. ფაშინიანი აქციას მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის, ხოლო ქოჩარიანი თავისუფლების მოედანზე გამართავს.
ცნობისთვის: ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით მიიღო. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სომხური პოლიტიკური ჯგუფები ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისა და რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოითხოვდნენ. სომხური ოპოზიციური პარტიების შეფასებით, "ომში დამარცხება ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური შეცდომების შედეგი იყო, რის გამოც, მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა". მასშტაბური აქციების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.


