მერკელ–მაკრონი: „თუ ევროკავშირში უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან დიალოგი უნდა გვქონდეს"
19/06/2021 07:45:40 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბერლინში შეხვედრა გამართეს, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს.
როგორც მერკელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რიგ თემებზე, მათ შორის, უკრაინის საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია გააგრძელოს.
„თუ ევროკავშირში უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან დიალოგი უნდა გვქონდეს, რაც არ უნდა ძნელი იყოს“, - აღნიშნა მერკელმა.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს რუსეთთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობაში „საერთო ენის“ გამონახვა.
ამასთან, მათი თქმით, ევროკავშირი ”დიდ გამოწვევებს აწყდება რუსეთთან და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში".
”რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ რუსეთი ასევე არის ევროკავშირის კონტინენტური მეზობელი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა ჰიბრიდული თავდასხმის შეჩერება”, - განაცხადა კანცლერმა.


