
მოსკოვში ქართველი მუნიციპალური დეპუტატი დააკავეს
18/06/2021 09:17:17 პოლიტიკა
გასულ ღამეს მოსკოვში საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი ოპოზიციონერი მუნიციპალური დეპუტატი ქეთევან ხარაიძე დააკავეს.
იგი ტვერის რაიონულ საკრებულოში ოპოზიციურ გაერთიანება "იაბლოკოს" წარმოადგენდა და გაცხადებული ჰქონდა განზრახვა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრისთვის დაგეგმილ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
გამოცემა "ОВД-Инфо"-ს ცნობით, დაკავებამდე მუნიციპალური დეპუტატის ბინაში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა ტარდებოდა, მას ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი, პალტოდან ამოღებული ორი 5000-იანი კუპიურა, რომელიც, როგორც თავად ხარაიძე ირწმუნება, მას იქ არ ჰქონია და სამართალდამცველებმა თავად ჩაუდეს.
კონკრეტულად რომელი საქმის ფარგლებშია დაკავებული ხარაიძე - ჯერ უცნობია.
"ОВД Инфо"-ს ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან ადვოკატს არ უშვებდნენ.
ცნობისთვის: ოპოზიციონერი მუნიციპალური დეპუტატი თავის ფეისბუქ-გვერდზე რეგულარულად წერდა ტვერის რაიონის კეთილმოწყობის პრობლემების თაობაზე.