პაპმა ფრანცისკემ ქართულ სამრევლოს რომში ტაძარი გადასცა
18/06/2021 05:45:07 საზოგადოება
რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე "სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია 70 წლის ვადით გადასცა.
ინფორმაციას რომის ქართული სამრევლოს ფეისბუქ–გვერდზე არქიმანდრიტი იოანე ხელაია ავრცელებს:
"დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.
უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ, რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს , ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის.
ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას", - წერს არქიმანდრიტი.
მოგვიანებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა გაავრცელა.
მისი ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან, კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, მამა იოანეს ქართული სამრევლოსათვის ეკლესიის გადაცემა მიულოცა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა. კოვიდპანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უფრო იოლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქართული სამრევლოსთვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.


