საბერძნეთში კაცმა აღიარა 20 წლის ცოლის მკვლელობა, რომლის გამოც საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული
17/06/2021 19:47:29 საზოგადოება
საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ 32 წლის მფრინავმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.
როგორც პოლიციის პრეს–სპიკერმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, გაირკვა რომ პილოტის მიერ ამ დრომდე მიცემული არც ერთი ჩვენება არ ემთხვეოდა რეალობას. ანაგნოსტოპულოსის ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობდა, რომ დაბმული იყო. კამერებთან დაკავშირებით კი, კაცი აცხადებდა, „მძარცველებმა” ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებს.
საზარელი მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა. ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მაშინ ბაბის ანაგნოსტოპულოსმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იარაღის მუქარით გაკოჭეს, მისი ცოლი გაგუდეს და ფული წაართვეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.


