"პანსიონში მხოლოდ ის თანამშრომლები დარჩებიან, რომელთა მიმართაც პრეტენზიები არ არის"
17/06/2021 09:00:17 საზოგადოება
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ის თანამშრომლები, რომელთა მიმართაც აღსაზრდელებს პრეტენზიები აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ მან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"თუ ვინმეზე ერთი რაღაც მაინც ჰქონდა ბავშვს ნათქვამი, არ ვარკვევთ მტყუან-მართალს, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან.ვაკეთებთ ცვლილებებს, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არაა", - განაცხადა მეუფემ.
ომბუდსმენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მეუფე იაკობთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
"ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ", - განაცხადა ლომჯარიამ.


