ჟენევაში პუტინი-ბაიდენის შეხვედრა დაიწყო
16/06/2021 11:32:48 მსოფლიო
ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის ჯო ბაიდენის შეხვედრა დაიწყო.
ისტორიული სამიტი იმ საუკუნოვან ვილაში იმართება, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს აშშ–ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი.
ვილაში პირველი პუტინი მივიდა, რომელსაც ადგილზე შვეიცარიის პრეზიდენტი გაი პარმელინი დახვდა. მოგვიანებით, ლიდერებს აშშ–ის პრეზიდენტიც შეუერთდა.
რუსეთში აშშ–ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი აცხადებს, ამერიკული მხარის მოთხოვნა იყო, პირველი შეხვედრაზე პუტინი მისულიყო.
მისი თქმით, პუტინს დაგვიანების ჩვევა აქვს: თავის დროზე ობამას 45 წუთი ალოდინა, რომის პაპს - რამდენიმე საათი, მნიშვნელოვნად დააგვიანა ასევე მერკელთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრებზე, რამდენიმესაათიანი დაგვიანება დაფიქსირდა გაერო-ს გენასამბლეაზეც, რომელზეც სიტყვით უნდა გამოსულიყო.
რუსული მედია თავისებურად ინტერპრეტირებს იმ ფაქტს, რომ პუტინი მოლაპარაკებებზე პირველი მივიდა.
"ეს მის პირველობას უსვამს ხაზს", – წერს რუსული მედია.
შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია იმის გამო, რომ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ასეთი გართულებული არასდროს ყოფილა.
აუდიენცია სავარაუდოდ, 4–5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველ შეხვედრას რუსეთის მხრიდან პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო აშშ–ის მხრიდან პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაესწრებიან. აღნიშნულის შემდეგ მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5–კაციანი ამერიკული და 5–კაციანი რუსული დელეგაციები მიიღებენ.
როგორც CNN ამერიკელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლიდერებს საკვების მიღების მიზნით შესვენება არ ექნებათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინი და ბაიდენი ბრიფინგებს ცალ–ცალკე გამართავენ.
მაკფოლის განმარტებით, "ამერიკის პრეზიდენტს არ სურს, პუტინს ხმამაღალი განცხადებებისთვის პლატფორმა დაუთმოს":
"არ გვსურს, მოვისმინოთ ერთობლივ ბრიფინფზე ხმამაღალი განცხადებები, დეზინფორმაცია ან დამახინჯებული კონტექსტი - დაე, ეს ყველაფერი, თუ პუტინს სურვილი აქვს, თავის პირად პრეს-კონფერენციაზე გააჟღეროს".
მისი თქმით, ბრიფინგების ცალ–ცალკე გამართვა სწორედ ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაა, თორემ კრემლს გმოთქმული ჰქონდა მზადყოფნა ერთობლივი ბრიფინგისთვის.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგის შესახებ მხარეები დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აშშ შეხვედრაზე, მათ შორის, უკრაინისა და ბელარუსის საკითხს დააყენებს.
როგორც ბაიდენმა ნატო–ს სამიტის შემდეგ განაცხადა, "შეხვედრაზე ნათლად ეტყვის პუტინს, სად გადის "წითელი ხაზები".
"მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ იგი ამას აირჩევს, ხოლო თუ იგი აირჩევს, არ ითანამშრომლოს და წარსულის ქმედებები განაგრძოს, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, შედის თუ არა ჩვენს ერთობლივ და მსოფლიოს ინტერესებში თანამშრომლობა და შევხედოთ, ამის გაკეთება თუ შეგვიძლია. ასევე გვაქვს უთანხმოების სფეროები, ნათლად განვაცხადებ სად გადის "წითელი ხაზები", – აღნიშნა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ პუტინს ჟენევაში აქციებით დახვდნენ.
რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამდე აქცია გამართა და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პუტინის ნიღბები და ბანერები, წარწერით “გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები”.



