ბაიდენთან შესახვედრად პუტინი ჟენევაში უკვე ჩავიდა
16/06/2021 11:10:46 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე ჟენევაშია, სადაც იგი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრას ცოტა ხანში გამართავს.
ისტორიული სამიტი იმ საუკუნოვან ვილაში იმართება, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს აშშ–ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი.
შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია იმის გამო, რომ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ასეთი გართულებული არასდროს ყოფილა.
აუდიენცია ადგილობრივი დროით 13:00 სთ–ზე დაიწყება და 4–5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველ შეხვედრას რუსეთის მხრიდან პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო აშშ–ის მხრიდან პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაესწრებიან. აღნიშნულის შემდეგ მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5–კაციანი ამერიკული და 5–კაციანი რუსული დელეგაციები მიიღებენ.
როგორც CNN ამერიკელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლიდერებს საკვების მიღების მიზნით შესვენება არ ექნებათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინი და ბაიდენი ბრიფინგებს ცალ–ცალკე გამართავენ.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგის შესახებ მხარეები დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აშშ შეხვედრაზე, მათ შორის, უკრაინისა და ბელარუსის საკითხს დააყენებს.
როგორც ბაიდენმა ნატო–ს სამიტის შემდეგ განაცხადა, "შეხვედრაზე ნათლად ეტყვის პუტინს, სად გადის "წითელი ხაზები".
"მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ იგი ამას აირჩევს, ხოლო თუ იგი აირჩევს, არ ითანამშრომლოს და წარსულის ქმედებები განაგრძოს, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, შედის თუ არა ჩვენს ერთობლივ და მსოფლიოს ინტერესებში თანამშრომლობა და შევხედოთ, ამის გაკეთება თუ შეგვიძლია. ასევე გვაქვს უთანხმოების სფეროები, ნათლად განვაცხადებ სად გადის "წითელი ხაზები", – აღნიშნა ბაიდენმა.


