ტიკარაძე – პანსიონზე: "ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს"
16/06/2021 11:00:39 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით "ძალიან კარგი მოლოდინები" აქვთ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის მანდატი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
"სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამასთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს", - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რომ ბავშვების შესაბამის, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადაყვანა მოხდეს.
ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.


