სებ–ი: "ქართული ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ"
16/06/2021 10:10:56 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს საბანკო სისტემაში "სოლიდურ მოგებას" პროგნოზირებს. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშში არის საუბარი.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო.
2021 წლის აპრილის მონაცემებით, ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. წლის დასაწყისიდან მომგებიანობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ. მომგებიანობის ზრდას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება, რაც 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საშეღავათო პერიოდით საკრედიტო პორტფელის 10% სარგებლობს. ამავდროულად, აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება, თუმცა უმოქმედო სესხების მაჩვენებლის მატერიალური ზრდა არაა მოსალოდნელი. კომიტეტის შეფასებით, ბანკების მიერ შექმნილი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ საკრედიტო დანაკარგის დონეს. ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს", – ნათქვამია ანგარიშში.


