გერმანიაში მოახლოებული არჩევნების წინ რუსი ჰაკერები გააქტიურდნენ
16/06/2021 10:01:10 მსოფლიო
გერმანიაში მოახლოებული არჩევნების წინ რუსი ჰაკერები გააქტიურდნენ, რომელთა ძირითადი სამიზნე პოლიტიკური პარტიები და ფონდებია, – იუწყება გერმანული გამოცემა ARD ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით.
დოკუმენტის თანახმად, "ბოლო რამდენიმე კვირაში გააქტიურებული კიბერაგენტების მიზანი იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტიდან კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება". გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე მსგავს თავდასხმებს სერიოზულ საფრთხედ აფასებს და შიშობს, რომ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა, ემსახურებოდეს არა მხოლოდ შპიონაჟის მიზნებს, არამედ გამოყენებული იყოს დეზინფორმაციისა და რუსეთის სასარგებლოდ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.
დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს კიბერ-თავდასხმებსა და არჩევნებში ჩარევის მცდელობებში. 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კიბერ-შეტევებისგან დაცვის პოლიტიკას და დაადასტურეს, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე სერიოზული კიბერ-თავდასხმა მთელი ალიანსის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.


