ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა
16/06/2021 05:20:00 მსოფლიო
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. BBC-ს ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.
”ღაზას სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, მათ შორის, საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის”,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ეს საჰაერო იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.


