
სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს
22/07/2019 20:10:46 სხვა, სამართალი
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ფონტანკა“ წერს, გრიგორიევას ბოლო დროს ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით. მუქარების გამო ქალს და მის ადვოკატს სამართალდამცველებისთვის არაერთხელ მიუმართავთ.
გრიგორიევა ანტისამთავრობო მიტინგების აქტიური მონაწილე იყო. ის ასევე მონაწილეობდა ლგბტ პირების, ყირიმელი თათრების მხარდამჭერ, ასევე ცხოველების უფლებადამცველების აქციებში.
ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის მახლობლად, ბუჩქებში ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე ეტყობა გაგუდვის კვალი.
„ფონტანკას“ ინფორმაციით, პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა, თუმცა განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ჰყავთ.