"ასტრაზენეკას" კვლევა: "კოვიდ–ინფიცირებულებში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია"
15/06/2021 10:26:33 მსოფლიო
"ასტრაზენეკას" განცხადებით, კოვიდ–ინფიცირებულებში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ასტრაზენეკამ" ჩაატარა მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით მკურნალობის კვლევა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წლის ზემოთ პირებმა, რომლებიც არასოდეს აცრილან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით და რომელთაც Covid-19 ბოლო 8 დღის განმავლობაში დაუდასტურდათ.
კვლევის შედეგების თანახმად, "მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდმა დასახულ მიზანს – სიმპტომური Covid-19–ის პრევენციას – ვერ მიაღწია, დაავადების სიმპტომების განვითარების რისკი მხოლოდ 33%–ით შემცირდა".
მონოკლონური ანტისხეულების შექმნა ლაბორატორიაში ხდება და იგი იმ ანტისხეულების მსგავსია, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის ხოლმე სხვადასხვა დროს. როდესაც მას შეიყვანენ Covid-19–ით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში, მან ხელი უნდა შეუშალოს ვირუსის სიმპტომების განვითარებას და უნდა გაანადგუროს ვირუსი.


