ვაქცინირებული პირებისთვის რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება
15/06/2021 09:41:06 საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს
მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას:
„მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან“.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება.
რელიზის მიხედვით, საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა:
„იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება“.


