Accentnews.ge
რა საკითხები განიხილეს ბაიდენმა და ერდოღანმა

რა საკითხები განიხილეს ბაიდენმა და ერდოღანმა

14/06/2021 18:18:15 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის თურქეთის პრეზიდენტთან პირველი პირისპირ შეხვედრაა.

როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრაზე განსახილველ თემებზე არ უსაუბრია.

ერდოღანმა შეხვედრას „გულწრფელი და კონსტრუქციული“ უწოდა.

როგორც BBC–ის თურქულენოვანი სამსახური წერს, შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 90 წუთს გრძელდებოდა.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც უთანხმოება გვაქვს, და თანამშრომლობის შესაძლებლობები კონსტრუქციული მიდგომით. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავზრდით ჩვენს თანამშრომლობას, ვფიქრობთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ბაიდენი თურქეთში მიიწვია.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას არ განხილულა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბაიდენთან მოლაპარაკებებზე 1915 წლის მოვლენების საკითხს დააყენებდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო ანკარას მიერ რუსეთისგან ეს-400-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენა და როგორც ერდოღანი ამბობს, მან თურქეთის პოზიცია გამოხატა.

თურქეთსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზს ანკარას მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენა, სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ადამიანის უფლებები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები წარმოადგენს.ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებზე ასევე აისახა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S