ზელენსკი – NATO-ს: "გვითხარით "კი", ან "არა"
14/06/2021 17:06:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს ღია გზავნილი, „კი“ ან „არა“ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან, იმაზე, მიიღებს თუ არა კიევი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას.
სააგენტოებთან Reuters, Associated Press და AFP საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მან ბაიდენისგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინა არ იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ვაჭრობის საკითხი.
„როცა ნატოსა და “MAP”-ზე ვსაუბრობთ, მინდა რომ [ბაიდენისგან] მივიღო კონკრეტიკა: კი თუ არა“ , - თქვა ზელენსკიმ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) საუბრისას. „ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული თარიღები“, - თქვა მან.
ზელენსკიმ კომენტარები იმ ფონზე გააკეთა, როცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ბრიუსელში, პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობით, სამიტს მართავს. უკრაინამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ ის სამიტზე არ მიიწვიეს. სამიტზე არც საქართველო არ მიუწვევიათ.
ზელენსკი ნატოს წევრობის პროცესის დაჩქარებისკენ მას შემდეგ მოუწოდებს, რაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის საზღვართან 100,000 სამხედრო პირი და ჯავშან-ტექნიკა განათავსა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება.
გასულ კვირას, ზელენსკი ჯო ბაიდენს ესაუბრა. ბაიდენმა ის ივლისში თეთრ სახლში მიიწვია.


