ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს
14/06/2021 14:24:14 საზოგადოება
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.
როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა:
„მოხდა ისე, რომ მეუფემ თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებაა. სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ეს ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა“.
მეუფე იაკობის თქმით, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პანსიონში სიახლეებს გეგმავდა, რომელსაც საბოლოოდ იგი განახორცციელებს ერთი წლის განმავლობაში.
ამასთან, მისი განცხადებით, პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება:
„რამდენ ბენეფიციარსაც ენდომება დარჩენა, დარჩება იმდენი. მოძალადეები ხომ არ ვართ. თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. [...] დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად“.
ცნობისთვის: 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც დღემდე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ნაწილი თავადაც ლაპარაკობს დასჯის სასტიკ მეთოდებზე.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს.


